ფრიდონ ინჯია - დაუმორჩილებლობა იქცა გმირობად და დამნაშავე თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად
ფრიდონ ინჯია - დაუმორჩილებლობა იქცა გმირობად და დამნაშავე თავის დანაშაულს ყიდულობს 2 000 ლარად

„ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ, რამდენიმე კითხვით მიმართა.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება საქართველოს მთავრობაში.

„ეს არის ის სამინისტრო, რომლის თანამშრომლებსაც ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად და გვაქვს შეხება, ასევე მასთან აქვთ შეხება და პირველი ისინი ხვდებიან ჩვენს სტუმრებს, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში. მაქვს შვიდი კონკრეტული ასეთი შეკითხვა. რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მხედველობაში მაქვს ის ათასობით საქმე, რომელიც წინა წლების განმავლობაში თაროზეა ჩამოდებული, მცირდება ის თუ იზრდება. ასევე ის დესტრუქციული ძალები, რომლებიც არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფას აყენებენ პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებს, არაფრად აგდებენ პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს, დღეს ფაქტობრივად დაუმორჩილებლობა იქცა ნორმად, გმირობად, და დამნაშავე, შეიძლება ითქვას, რომ თავის დანაშაულს ყიდულობს 2000 ლარად. ფიქრობთ თუ არა, რომ ჯარიმის გადახდის სამაგიეროდ მათზე უნდა განხორციელდეს სხვა ტიპის სამართლებრივი ქმედებები. მიგიმართავთ თუ არა იუსტიციის საბჭოსთვის, მთავრობაში ან სადმე, ამ კითხვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის გავრცელებულ ვიდეოზეც ისაუბრა და მინისტრს მიმართა კითხვით, დაწყებულია თუ არა ამ საკითხზე მოკვლევა.

„გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთ მოქალაქეს ნავთქურა შეჰქონდა „პალატკაში“. ისე იგინებოდა, ისე ლანძღვადა ჩვენს პოლიციელებს, რომ აღარ ვიცი, რა. რა ფული გადაუხადეს ამ ადამიანს, არის თუ არა მოკვლევა ამის თაობაზე? მე არ ვიცი, არ წარმომიდგენია, რა ოჯახშია, რა შვილები უნდა გაზარდოს ამ ქალბატონმა, ვისთან ცხოვრობს, მასთან მოდიან თუ არა მეგობრები, თუმცა ალბათ ვინც მასთან ცხოვრობს, ჯოჯოხეთი თავის დროზე გავლილი ექნებათ, სამოთხეში მოხვდებიან“, – განაცხადა ინჯიამ.

მისივე თქმით, დღევანდელ საზოგადოებაში საკმაოდ რთული ვითარებაა ურთიერთბრალდებების თვალსაზრისით, დღეს განსაკუთრებით მედიასაშუალებებიდან მოედინება ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ნიაღვარი.

„ხომ არ ფიქრობთ ამ მიმართულებით კანონის გამკაცრებას, ან გიფიქრიათ თუ არა, როგორ შეიძლება ეს შეჩერდეს?“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში სამწუხარო რეალობაა ნარკოტიკების ნივთიერებების აქტიური მოხმარება.

„ამის თაობაზე თქვენ განაცხადეთ, რომ ეს ერთ-ერთი პრივილეგირებული საკითხია სამინისტროს მუშაობაში. მიუხედავად ამისა, სამწუხარო რეალობაა, რომ დედაქალაქის ერთ-ერთი რაიონი – ფონიჭალა, მოხმარება-გასაღების კუთხით, ლილოს ბაზრობად მოგეჩვენებათ. სწორედ ამ თვალსაზრისით მაინტერესებს, რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს სამინისტრო ამის აღსაკვეთად. იქნება თუ არა სპეცოპერაციები, როგორც ამას აკეთებენ ესპანეთსა და იტალიაში, რომლებთანაც თანამშრომლობით. კიდევ ერთი პრობლემა – საცობებმა წაიღო საქართველო, პრაქტიკულად არ ჩანს გამოსავალი. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ სადაც შესაძლებელია, ჩქაროსნულ მაგისტრალებზე ის შეზღუდვა, რომელიც არის 110 კილომეტრი საათში, გაიზარდოს 130 კილომეტრ საათამდე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.