„ფრიდომ ჰაუსის“ უკრაინის ოფისის დირექტორი - არჩევნებზე სისტემური ხასიათის დარღვევა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია
„ფრიდომ ჰაუსის“ უკრაინის ოფისის დირექტორი - არჩევნებზე სისტემური ხასიათის დარღვევა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან დემოკრატიული, ხოლო სისტემური ხასიათის დარღვევა არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია, – ამის შესახებ „ფრიდომ ჰაუსის“ უკრაინის ოფისის დირექტორმა მეთიუ შააფმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის დემოკრატიისთვის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

„ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლის პერსპექტივის თვალსაზრისით, ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჯერ არ ვიცით, ვინ გაიმარჯვებს, რადგან როგორც ჩანს, მეორე ტური გაიმართება, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო ძალიან დემოკრატიული. დავინახეთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები საკმაოდ კარგად ფუნქციონირებს. ხალხს ჰქონდა საშუალება, თავისუფლად ჩართულიყო ხმის მიცემის პროცესში და თავად გადაეწყვიტა, ვისთვის მიეცა ხმა“, – განაცხადა მეთიუ შააფმა.

„ფრიდომ ჰაუსის“ უკრაინის ოფისის დირექტორი განმარტავს, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო და უკრაინულმა სადამკვირვებლო მისიებმა ძალიან კარგად იმუშავეს.

„ისევე, როგორც წინა არჩევნებზე, ახლაც ბევრი დარღვევა დაფიქსირდა, თუმცა დამკვირვებლების წინასწარი შეფასებების თანახმად, საერთო ჯამში, არჩევნები საკმაოდ კარგად ჩატარდა. დაფიქსირებული დარღვევები ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე, რადგან სერიოზულ ხარვეზებს ადგილი არ ჰქონია“, – განმარტავს „ფრიდომ ჰაუსის“ უკრაინის ოფისის დირექტორი.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ, 31 მარტს გაიმართა. არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის 21 აპრილს გაიმართება.