ქუთაისის „ტორპედომ“ ესპანურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ნორვეგიის რანგით მეორე ლიგის „ჰოდის“ წინააღმდეგ გამართა და 1:1 დაასრულა.
ახალი მთავარი მწვრთნელის, გერმანელი დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედოში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარეს საქართველოს ნაკრების მცველმა საბა კვერკველიამ და „ლილის“ ყოფილმა მოთამაშე კისლეი ზიტამ.
ანგარიში პირველ ტაიმში გაიხსნა. ქუთაისელების უპირატესობის მიუხედავად, ნორვეგიელების 41-ე წუთზე კონტრშეტევა განახორციელეს და მირლიდის გოლით „ჰოდმა“ შესვენებამდე ერთბურთიანი უპირტესობა მოიპოვა.
ქუთაისელებმა მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვეს, ნორვეგიელები არათუ შეტევის წამოწყებას, არამედ „ტორპედოს“ ნახევარზე გადმოვლას ვერ ახერხებდნენ. 78-ე წუთზე ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს: მერაბ გიგაურისა და პაატა ღუდუშაურის განვითარებული იერიში დააგვირგვინა ჯონათან დოს სანტოსმა, რომელიც „ტორპედოში“ გასინჯვაზეა.
ქუთაისის „ტორპედო“ – „ჰოდი“ 1:1
გოლი: 0:1 მირლიდი (41), 1:1 ჯონათან დოს სანტოსი (78)
„ტორპედო“: გოშაძე, კვირკველია. ნადარაია, ბასილაძე, ჩერიფი, ზიტა, ბიძინაშვილი, პირესი, კოხრეიძე, იონსენი.
სათადარიგოები: კოპალიანი, ტყეშელაშვილი, რეხვიაშვილი, ტოფაძე, პიმენტელი, სახო, გიგაური, ლიმა, ღუდუშაური, ფაცაცია.