ფრე ერთ-ერთ ლიდერთან - არველაძის „ჰალ სიტი“ „ქუინს პარკს“ დაუზავდა #1TVSPORT
შოთა არველაძის ხელმძღვანელობით „ჰალ სიტიმ“ ზედიზედ მეორე მატჩი ფრედ დაასრულა – ქართველი მწვრთნელის გუნდი პრემიერშიფის ერთ-ერთ ლიდერს, მეხუთეადგილოსან „ქუინს პარკ რეუინჯერსს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა.
„ჰალ სიტიმ“ გასულ ტურში გასვლაზე „შეფილდთან“ შეხვედრა ფრედ დაასრულა, მაგრამ მისმა კონკურენტმა „კარდიფმა“ მოიგო და „ჰალ სიტი“ მე-20 ადგილზე დააქვეითა. ამდენად, შოთა არველაძისთვის პრემიერშიფის 33-ე ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
„ლოფტუს როუდზე“ გამართულ შეხვედრაში „ჰალ სიტი“ პრემიერლიგაში გადასვლისთვის მებრძოლ გუნდთან 26-ე წუთზე დაწინაურდა. ანგარიში მარკუს ფორსმა გახსნა – ფინეთის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელმა მასპინძელთა კარი კუთხურის გათამაშების შემდეგ აიღო.
მაგრამ სტუმრებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. 75-ე წუთზე მასპინძელთა მაროკოელმა შემტევმა ილიას ჩაირმა წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა 15 წუთი დაამატა. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
33 ტურის შემდეგ „ჰალ სიტიმ“ 34 ქულა დააგროვა, ისევ მე-20 ადგილზეა და ვერ დაეწია „კარდიფს“ (36 ქულა), რომელმაც შინ „ბლეკპულთან“ ასევე ფრედ (1:1) ითამაშა.