ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან
ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ წევრები ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდებიან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება ძლიერი საქართველოსთვის“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს, ნაზი ჯანეზაშვილსა და ანა დოლიძეს ხვდება, რომლებმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირეს.

შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა საბჭოს არამოსამართლე წევრების, ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებაა, რომელიც პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა. ასევე, საუბარი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასა და შერჩევის კრიტერიუმებს.

ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ის მზად არის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ინფორმაცია.

„შეხვედრის ინიციატივა ფრაქციის მხრიდან იყო. მზად ვარ, შევხვდე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რადგან ვარ საბჭოს წევრი, მაქვს მეტი ინფორმაცია, მეტი გამოცდილება, ამდენი ხანია სისტემაში ვარ და ვფიქრობ, შემიძლია, ამაზე ღიად საუბარი. მზად ვარ, ყველას გავუზიარო ჩემი მოსაზრებები, ხედვები და დეტალები, რაც ჩვენ მიერ წარდგენილ პროექტში წერია“, – აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს შორის, რომლებმაც წარდგენილ სიას მხარი არ დაუჭირეს ირმა გელაშვილიც არის, თუმცა მას ფრაქციის მხრიდან შეხვედრაზე შეთავაზება არ მიუღია.

ამასთან, მიმდინარე კვირაში ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებსაც შეხვდებიან.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა პარლამენტს დღეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართეს. მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადების მთავარი მიზანია, შეიცვალოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კანდიდატების წარდგენის ფორმა, დაინიშნოს კონკურსი, რომელიც იქნება ღია და გამჭვირვალე.