ფრაქცია „ევროპული საქართველო“ 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილისის მერს წერილობით მიმართავს
ფრაქცია „ევროპული საქართველო“ 2018 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით თბილისის მერს წერილობით მიმართავს

საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო“ დედაქალაქის მთავრობას მიმართავს.

როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, თუ მერია 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში უარს იტყვის სხვადასხვა ხარჯებზე, მათ შორის დათანხმდება ხელფასების, პრემია-დანამატების განახევრებას, მკვეთრად დაზოგავს ავტომობილების, სარესტორნო მომსახურების, დაუსაბუთებელი მივლინებების, რბილი ავეჯისა თუ სხვა ხარჯებს, უარს იტყვის პირდაპირ შესყიდვებზე და ტენდერებს ობიექტურად ჩაატარებს, შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტში დაახლოებით 200 მლნ ლარი გამოთავისუფლდეს.

ეს თანხა კი, გოკა გაბაშვილის განცხადებით, შესაძლებელია, უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე გადანაწილდეს.

პარტია თბილისის მერს ოთხი ინიციატივით მიმართავს:

„ასაკით პენსიონერებისათვის (თბილისში ასეთი დაახლოებით 203 000 ადამიანია) ყოველთვიური 50-ლარიანი საპენსიო დანამატის დაწესება;

თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების, გადატვირთული მოძრაობის განტვირთვისა და საცობების პრევენციისთვის საზოგადოებრივი ტრასპორტის განახლება – მინიმუმ 100 ახალი ავტობუსის დამატება. გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ქალაქში ტრამვაის შეჩერებული პროექტის განსაახლებლად (2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იყოს თანხა ტრამვაის ამ ხაზის პროექტის შესასყიდად, რაც უკვე 2019 წლიდან ამ ხაზის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საშუალებას მოგვცემს).

2018 წლის სექტემბრიდან შემოვიდეს ყოველწლიურ ვაუჩერი საბავშო ბაღის ასაკის თითოეულ ბავშვზე, დაახლოებით წლიურად 1500 ლარის ოდენობით. ეს შესაძლებელს გახდის საბავშვო ბაღის ასაკის ყველა ბავშვის დაფინანსებას, რაც ერთის მხრივ დროში ძალიან სწრაფად მოაგვარებს მშობლებისთვის პრობლემას და უფრო ეფექტურად აღმოფხვრის საბავშვო ბაღებში ადგილების დეფიციტს, ხოლო მეორეს მხრივ გამოიწვევს კერძო საბავშვო ბაღების სისტემის განვითარებას და ამ სფეროში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას;

ქონების გადასახადის შემცირება 10% – ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი შეფერხებისა თუ სხვა ეკონომიკური სირთულეების პირობებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, ქონების გადასახადი უნდა შემცირდეს 10 %-ით, რაც ყოველწლიურად ბიზნესისთვის დატოვებულ დაახლოებით 16 000 000 ლარს ნიშნავს“, – ნათქვამია „ევროპული საქართველოს“ მიმართვაში.