ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს
ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები” ივანე მაჭავარიანს პარლამენტში იბარებს

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას მიმართავს.

წერილში, რომელსაც ხელს ფრაქციის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აწერს, ნათქვამია, რომ პარლამენტარები საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მისვლას ითხოვენ.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, არაუგვიანეს 2020 წლის თებერვლის თვისა, მოწვეულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი“, – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, ჩამოთვლილია მინისტრთან განსახილველი სამი საკითხი: კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია; პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შეტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.