„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნების თარიღის განსაზღვრისთვის სპეციალური კომისია შეიქმნა. ამის შესახებ „ფრანს პრესი“ იუწყება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სპეციალური კომისია ნიკოლას მადუროს კონტროლის ქვეშ არსებულმა საკონსტიტუციო ასამბლეამ ჩამოაყალიბა. გავრცელებული ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა 2019 წელს გაიმართოს. ხუან გუაიდოს განმარტებით, ამ ხერხით ნიკოლას მადურო ცდილობს ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა დაიბრუნოს.

ვენესუელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ეროვნულ ასამბლეაში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს. ქვეყნები, რომლებიც ხუან გუაიდოს უჭერენ მხარს ეროვნულ ასამბლეას ვენესუელის ერთადერთ დემოკრატიულ ორგანოდ მიიჩნევენ. თუმცა, მას შემდეგ, რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა, ნიკოლას მადურომ ეროვნულ ასამბლეას ლეგიტიმურობა ჩამოართვა და მისი ფუნქციები რეჟიმის ერთგულ საკონსტიტუციო ასამბლეას გადასცა.

ვენესუელაში საპარლამენტო არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება და კანონის თანახმად 2020 წლამდე არ უნდა ჩატარდეს.

2015 წელს ვენესუელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა. შედეგად ეროვნულ ასამბლეაში, პირველად 16 წლის განმავლობაში მმართველობა ოპოზიციის ხელში გადავიდა. თუმცა ნიკოლას მადურომ, უზენაესი სასამართლოს საშუალებით საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა.

ვენესუელაში ვითარება განსაკუთრებით 21 იანვრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. ოპოზიციონერმა ხუან გუაიდომ კი თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ამის პარალელურად ვენესუელა უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს განიცდის. ჰიპერინფლაციის გამო, ქვეყანაში საკვებისა და სამედიცინო მედიკამენტების დეფიციტია. შედეგად, ქვეყანა მილიონობით ადამიანმა დატოვა და თავი მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა.