„ფრანს 24“ - სირიის სამთავრობო ძალებმა საფრანგეთიდან ჩასული მებრძოლების დაკავების მიზნით ბანაკში დამალული ჯიჰადისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს
სირიის სამთავრობო ძალებმა ოპერაცია დაიწყეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბანაკში დამალული ჯიჰადისტების წინააღმდეგ, რომელიც საფრანგეთიდან ჩასული მებრძოლების დაკავებას ისახავს მიზნად. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.
სირიის ხელისუფლების განცხადებით, მიმდინარე ოპერაციის დროს ჯარებმა ბანაკში ფრანგი ჯიჰადისტები ალყაში მოაქციეს. ეს ადასტურებს სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს, რომ დაიწყო ფართომასშტაბიანი ოპერაცია მათი მთავრობის მიერ ძებნილი ფრანგი მებრძოლების დასაპატიმრებლად. ბანაკში მყოფმა ცნობილი ფრანგი ჯიჰადისტის შვილმა, რომელიც ჯიბრილ ალ-მუჰაჯირის ფსევდონიმით არის ცნობილი, ფრანგულ მედიას განუცხადა, რომ „შეტაკებები შუაღამის შემდეგ დაიწყო და კვლავ გრძელდება“.
როგორც „ფრანს 24“ წერს, უცხოელი ჯიჰადისტების ჯგუფს, „ფირკატულ ღურაბას“ ხელმძღვანელობს ომარ ომსენი, ასევე ცნობილი, როგორც ომარ დიაბი, ყოფილი ფრანკო-სენეგალიელი კრიმინალი, რომელიც შემდეგ მქადაგებელი გახდა. სირიის სამთავრბო ძალებმა ოპერაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ჯიჰადისტმა, სავარაუდოდ, გოგონა გაიტაცა და ხელისუფლებისთვის ჩაბარებაზე უარი თქვა.
სირიის ჩრდილო-დასავლეთ პროვინციის, იდლიბის უსაფრთხოების უმაღლესი მეთაურის, გენერალ ღასან ბაქირის განცხადებით, სამთავრობო ძალებმა მთლიანად შემოარტყეს ალყა თურქეთის საზღვართან მდებარე ბანაკს, სადაც ჯიჰადისტების თავშესაფარია. 2016 წლის სექტემბერში აშშ-მა დიაბი, რომელიც ფრანგი მებრძოლების სირიაში გადაყვანაში იყო ეჭვმიტანილი, „საერთაშორისო ტერორისტად“ გამოაცხადა.