ფრანკოს რეჟიმის დროს გატაცებული ბავშვების საქმეზე მადრიდში სასამართლო პროცესი დაიწყო
ფრანკოს რეჟიმის დროს გატაცებული ბავშვების საქმეზე მადრიდში სასამართლო პროცესი დაიწყო

დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის პერიოდში გატაცებული ბავშვების საქმეზე, პირველი მოსმენა დღეს მადრიდის სასამართლოში გაიმართა.

საქმე ეხება რეპრესირებული პოლიტიკოსების და ღარიბი სოციალური კლასის წარმომადგენელთა ახალშობილ შვილებს, რომლებსაც 1950-1975 წლებში სამშობიარო სახლიდან იტაცებდნენ და ფრანკოს რეჟიმის მაღალჩინოსნებზე აშვილებდნენ. მათ შორის იყვნენ ქორწინების გარეშე შობილი ბავშვებიც. ამ პერიოდში ესპანეთში 10 ათასამდე ბავშვი გაიტაცეს.

გადაწყვეტილების მიზეზად ესპანეთის იმდროინდელი ულტრა ნაციონალისტური მთავრობა ბავშვისთვის უკეთესი მომავლის შექმნას ასახელებდა, ღრმად მორწმუნე კათოლიკური და ნაციონალისტური იდეოლოგიის ოჯახში გაზრდა მათთვის უკეთესი იქნებოდა. რეჟიმის დანაშაულებრივ სქემაში ექიმები, ექთნები და ბებიაქალები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

სასამართლო პროცესზე ბავშვების გატაცებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ 80 წლის გინეკოლოგს, ედუარდო ველას მოუსმენენ. მთავარ მოწმედ 49 წლის წინ გატაცებული ინეს მადრიგალი წარდგება. ბრალდების მხარის მტკიცებით, ინესი ერთ-ერთია იმ ბავშვებს შორის, რომელიც 1969 წელს მადრიდის სამშობიაროდან გაიტაცეს, მარტოხელა დედას კი უთხრეს, რომ ახალშობილი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ფრანკოს რეჟიმის დასრულების შემდეგ დემოკრატიულ ესპანეთში, 80-იანი წლების ბოლოს შეიქმნა გატაცებული ბავშვების ასოციაცია. ამ ასოციაციის დახმარებით არაერთი ბავშვის პოვნა მოხერხდა, თუმცა ბევრი მათგანის დედ-მამა უკვე გარდაცვლილია. ამ ასოციაციის ინიციატივით ესპანეთში საპროტესტო აქციები არაერთხელ გაიმართა. ისინი მთავრობას საქმის გამოძიებას სთხოვენ. ასოციაციის წევრებისა და აქტივისტების მთავარი სლოგანია „ვეძებ ჩემ შვილს – მაპოვნინეთ!“