ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია 7 ივლისს იხსნება
ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია 7 ივლისს იხსნება

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის 48-ე სესია ოფიციალურად 7 ივლისს გაიხსნება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი. სესიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

„საქართველო ფრანკოფონიის ასამბლეას პირველად მასპინძლობს. უშუალოდ ასამბლეის საქმიანობაში კი საქართველო 2004 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო. 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალური წერილით მიმართა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეას ასოცირებული წევრობის თაობაზე.

სწორედ 48-ე სესიაზე მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველოს ასოცირებული წევრობის თაობაზე, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დიპლომატიური თანამშრომლობის გაღრმავებას, კულტურულ გაცვლებსა და ფრანგული ენის პოპულარიზაციას.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით. ასამბლეა დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს, არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის და მსოფლიოში ფრანგული ენის პოპულარიზაციაზეა ორიენტირებული.

საქართველოს წელს ასამბლეის წევრი 40-მდე დელეგაცია და დელეგაციებში შემავალი 250-მდე დეპუტატი სტუმრობს. ასამბლეა 8 ივლისს დაიხურება“, – აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.