ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს
ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს

ფრანკოფონიის მე-17 მსოფლიო სამიტის დღევანდელ დეკლარაციაში მსოფლიოს 84 ქვეყანა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, ქართველი დიპლომატების მხრიდან მრავალი თვეა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ ხვალ მიღებულ ფრანკოფონიის დეკლარაციაში აისახოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ამ მხრივ ჩვენ იმედიანად ვართ“, – აცხადებს თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ორმხრივი შეხვედრების შესახებაც საუბრობს, რომელიც ბურკინა ფასოსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გაიმართა.

„მქონდა შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მესაუბრა ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია საქართველოსათვის რეფორმები და ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა იმ პირობებში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს იმისათვის, რომ ქართველი ჯარისკაცები მონაწილეობენ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სამიტი ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის პატრონაჟით იმართება. ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის სახელმწიფო მეთაურები – პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და მინისტრები ესწრებიან. სამიტი დღეს საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.