ფრანკფურტის მერი - საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ხალხით
ფრანკფურტის მერი - საქართველო არის მშვენიერი ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარე ხალხით

საქართველო არის მშვენიერი ბუნების ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხით, – ამის შესახებ ფრანკფურტის მერმა, პეტერ ფელდმანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის უდიდესი პატივია გიმასპინძლოთ ფრანკფურტის მერიის იმპერატორთა დარბაზში, რომელიც ჩვენი ყველაზე ცნობილი დარბაზია და სადაც ყოველთვის საპატიო სტუმრებს ვმასპინძლობთ და მათ შორის არიან წიგნის ფესტივალის სტუმრები. კეთილი იყოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. პრეზენტაციის მთავარი თემაა ქართული ანბანი და მისი 33 ასო-ბგერა, რომლითაც ჩვენი სტუმარი ქართველი მწერლები გამოხატავენ საკუთარ თავებს”, – მიმართა პეტერ ფელდმანმა მამუკა ბახტაძეს.

მისივე თქმით, ქართული დამწერლობა არის შედევრი, რომელიც იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

„ვიცი, რომ მრავალფეროვანი ლიტერატურული და კულტურული პროგრამა ჩამოგვიტანეთ. საპატიო სტუმრის პროგრამა წიგნის ფესტივალის სტუმრებს აძლევს საშუალებას, ჩაუღრმავდნენ მის კულტურას. საქართველოს უკვე ფართო საზოგადოება იცნობს. ეს არის მშვენიერი ბუნების ქვეყანა ულამაზესი დედაქალაქით, უმდიდრესი სამზარეულოთი და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხით. მოხარული ვართ, რომ გმასპინძლობთ გამოფენაზე, რომელმაც 1480 წლიდან თავი დაიმკვიდრა, როგორც უმნიშვნელოვანესმა ღონისძიებამ, რომლის ფარგლებში ასევე იყიდება წიგნები და ეწყობა ბევრი ღონისძიება, მათ შორის ავტორების, გამომცემლების ჩართულობით. ქართული პავილიონის ყველა სტუმარს ვუსურვებ, მაქსიმალურად ჩაუღრმავდეს წიგნებს და მიიღოს დიდი სიამოვნება. დიდ მადლობას ვუხდი გამოფენის ორგანიზატორებს, სტუმრებსა და ქართველ ავტორებს და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ”, – განაცხადა ფრანკფურტის მერმა.