ფრანკფურტის აეროპორტში თურქეთიდან დეპორტირებული ქალი დააკავეს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაშია ეჭვმიტანილი
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ფრანკფურტის აეროპორტში თურქეთიდან გაძევებული „ისლამური სახელმწიფოს“ ორი მხარდამჭერი ქალიდან ერთ-ერთი დააკავა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ქალი ეჭვმიტანილია ტერორისტული დაჯგუფების წევრობაში. პროკურატურის ცნობით, 2014 წლის ბოლოს ის გაემგზავრა სირიაში, კერძოდ, ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად რაიონში, სადაც ცოლად გაჰყვა ერთ-ერთ მებრძოლს და მასთან ერთად ერაყში გადავიდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულის მეუღლე „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა, ქალი კი ჯიჰადისტებისგან ყოველთვიურად 100 დოლარს იღებდა. მოგვიანებით, ოჯახი სირიაში დაბრუნდა, სადაც 2019 წლის დასაწყისში ისინი სირიელ ქურთთა ძალებმა დააკავეს.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ, რომ თურქეთიდან გადეპორტებული ჯიჰადისტები გერმანიაში საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.
გასულ კვირაში თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დაკავებული წევრების რეპატრიაციას იწყებს. გამოცემა „ჰურიეტის“ ცნობით, თურქეთი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი სულ 959 ადამიანის გაძევებას გეგმავს, მათ შორის ევროპის ქვეყნების 30-მდე მოქალაქეა.