ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - წინადადებები პალესტინელების ღაზის სექტორიდან გადაადგილების ან გაძევების შესახებ იწვევს ღრმა შეშფოთებას რეგიონში
გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უარყოფითად შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინადადება ღაზის სექტორიდან პალესტინელების გადასახლების შესახებ.
მისი თქმით, საეჭვოა, რომ არაბული სახელმწიფოები დათანხმდნენ საკუთარი სახლებიდან იძულებით გადაადგილებული პალესტინელების მიღებას. ეს განცხადება შტაინმაიერმა ანკარაში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის წინ გააკეთა.
„წინადადებები პალესტინელების ღაზის სექტორიდან გადაადგილების ან გაძევების შესახებ იწვევს ღრმა შეშფოთებას რეგიონში. ასეთი წინადადებები არა მხოლოდ მიუღებელია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, არამედ არ მჯერა, რომ ისინი შეიძლება გახდეს სერიოზული საფუძველი მომავალი მოლაპარაკებებისთვის რეგიონის მოთამაშეებსა და აშშ-ის ადმინისტრაციას შორის“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ღაზის სექტორზე.