ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანიის მზადყოფნა საქართველოსათვის იყო, არსებობს და იქნება
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანიის მზადყოფნა საქართველოსათვის იყო, არსებობს და იქნება

ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერდით ყოველთვის, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

პირველი არხის ჟურნალისტმა გერმანიის პრეზიდენტს კითხვა დაუსვა, რას აკეთებს გერმანია საქართველოს დასახმარებლად, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს ტერიტორიების 20 პროცენტი, იტაცებენ საქართველოს მოქალაქეებს და მავთულხლართებს ავლებენ, ასევე რა უნდა გააკეთოს საქართველომ, რომ გერმანიამ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

„ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს იმ გზაზე, რომელიც გაიარა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. ყველაფერს ვერ გავიმეორებ, რაც ვთქვი, რამდენად განვითარდა კულტურული და ეკონომიკური ურთიერთობები, გაიზარდა ეკონომიკაც, ეს არის ნაწილი იმ ქართული რეფორმებისა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვეცადეთ, ვცდილობდით და ვცდილობთ, დაგვეახლოებინა საქართველო ევროკავშირთან,  გადავდგით ნაბიჯები ვიზების საკითხთან მიმართებაში. აქ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მე ამას ვიხსენებ იმისთვის, რომ გერმანიის მზადყოფნა საქართველოსათვის იყო, არსებობს და იქნება“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

ამასთან, მისივე თქმით, თავად საქართველოში უნდა იყოს პოლიტიკური ნება, რომ რეფორმები წარმატებით დასრულდეს, მაგალითად სასამართლო სფეროში.

„რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტნიორების მზადყოფნაზე და სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებულ პოლარიზაციაზე ვისაუბრე. არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებები მიგვიყვანს იქამდე, რომ პოლიტიკური აქტორები დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, რათა ჯერ კიდევ დასასრულებელი რეფორმები დასრულდეს. სადაც კი, დახმარება და მხარდაჭერა არის აუცილებელი, ჩვენი მხრიდან ამას გავაკეთებთ. მაგრამ ჩვენ მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვიმყოფებით“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სალომე ზურაბიშვილს საქართველოში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში მოწვევისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ გულახდილ საუბრებს საქართველოშიც“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც სალომე ზურაბიშვილთან შეხვდრის შემდეგ გაიმართა.