ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი -  ალიანსის სახელმწიფოები აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში და მხარს უჭერენ თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებას
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - ალიანსის სახელმწიფოები აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში და მხარს უჭერენ თანამშრომლობის პაკეტის განხორციელებას

ნატო-ს აქვს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პაკეტი, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში და მათ შორის, მხარს უჭერენ ამ პროგრამის მიზნების განხორციელებას, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივი განცხადებების დროს ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა.

პრესკონფერენციაზე გერმანიის პრეზიდენტს ჰკითხეს, შეუძლია თუ არა რამე კონკრეტულის თქმა საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.

„რაც შეეხება სამხედრო სფეროს, უსაფრთხოების სფეროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მოლაპარაკებების პროცესს. ნატო-ს აქვს საქართველო-ნატო-ს თანამშრომლობის პაკეტი, ნატო და ნატო-ს წევრი სახელმწიფოები ძალიან აქტიურად არიან წარმოდგენილი საქართველოში და მათ შორის, მხარს უჭერენ ამ პროგრამის მიზნების განხორციელებას.

რაც შეეხება ევროკავშირს, ცოტა უფრო დიდხანს ვისაუბრეთ ამაზე, დიდხანს ვფიქრობთ ამაზე, რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს. ეს არის აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის ფორმატი. სიტუაცია, რომელიც ეხება ევროკავშირის შიდა საკითხებს, შიდა პრობლემებს, მაგალითად, ბიუჯეტის შემუშავებას. ერთი რამ შეიძლება ითქვას გადაჭრით, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა გარკვეულ სირთულეებს ქმნის ევროკავშირის სინამდვილეში. ევროკავშირი აგრძელებს მოლაპარაკებების პროცესს, როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, რაც უახლოესი თვეების განმავლობაში იქნება კიდევ ჩვენი წუხილი და დარდი, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რა მოლოდინი არსებობს. გერმანია კვლავინდებურად აგრძელებს ევროკავშირის ბიუჯეტში გარკვეული თანხების მობილიზებას, რათა შენარჩუნდეს სტაბილურობა“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. გერმანელ კოლეგას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ.