ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - იმედს გამოვთქვამ, რომ ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - იმედს გამოვთქვამ, რომ ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში

საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომელიც დღეს გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას აკავშირებთ არა მარტო ეკონომიკა და კულტურა, არამედ ორმხრივი პოლიტიკური კავშირები.

„ჩვენ ვისაუბრეთ იმ მჭიდრო კავშირების შესახებ, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს. საქართველოს საკმაოდ ამბიციური ევროპული მისწრაფებები აქვს – ევროკავშირი, ევროპა „ბრექსითთან“ დაკავშირებით საკუთარ თავში ერკვევა. თქვენ მითხარით, რომ ამ დროს სტრუქტურული დაკავშირება ევროკავშირის სტრუქტურებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში გაერთიანება შესაძლოა, ძალიან ბევრის მომცემი იყოს და ახლაც არის ბევრის მომცემი“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკას და საპრეზიდენტო არჩევნებს.

„ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელიც იყო. ინტენსიურად ვაკვირდებოდით საპრეზიდენტო არჩევნებს. ჩვენ ვნახეთ და ვიგრძენით კიდეც, ხისტად მიმდინარეობდა ეს საარჩევნო პროცესი, მაგრამ დიდი კმაყოფილებით ვნახეთ, რომ მაგალითად ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ თქვა, რომ ეს არჩევნები პროფესიონალურად იყო მომზადებული, კარგად იყო ადმინისტრირებული და სამართლიანად ჩატარდა. ჩვენი იმედი ამაში მდგომარეობს და ვგონებ, თქვენი იმედიც არის, ქალბატონო პრეზიდენტო, რომ ეს ძლიერი პოლარიზაცია, რომელმაც თავი იჩინა საარჩევნო პროცესში, არ დარჩება საქართველოში. პოლიტიკური მოთამაშეები, ისე როგორც ეს დემოკრატიაშია საჭირო, მზად იქნებიან და დაუბრუნდებიან თანამშრომლობის ფორმატს, ეს საშუალებას მოგცემთ, რომ საქართველოში განახორციელოთ რეფორმების ის დიდი პაკეტი, რომელიც თქვენ დაგეგმილი გაქვთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.