ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - არსებობს დიდი უკმაყოფილება პოლიტიკით, ბიზნესით, ბიუროკრატიით, უსამართლობით, სიძულვილმა, ძალადობამ არ უნდა თქვას უკანასკნელი სიტყვა, დავდგეთ ერთად
გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საშობაო მიმართვაში ერთიანობის მოწოდებით გამოდის.
თავისი სიტყვა შტაინმაიერმა მაგდებურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, მომხდარმა თავდასხმამ ჩრდილი მიაყენა შობის დღესასწაულს. მან მსხვერპლთა ახლობლებს თანადგომა გამოუცხადა.
„თქვენ არ ხართ მარტო თქვენს ტკივილთან. ქვეყნის ფარგლებში ხალხი თანაგიგრძნობთ და ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა და მადლობა გადაუხადა პოლიციას და მედიკოსებს, რომლებიც თავდასხმის ადგილას მუშაობდნენ.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის საზოგადოებას მომხდარი ტრაგედიის წინაშე ერთიანობისკენ მოუწოდა.
„სიძულვილმა და ძალადობამ არ უნდა თქვას უკანასკნელი სიტყვა. ნუ დავუშვებთ, ჩვენს გაყოფას. დავდგეთ ერთად! ერთიანობა, როდესაც ეს მნიშვნელოვანია, ეს ხდის ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულს. მოდით, ეს სწორედ ახლა ვაჩვენოთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მიმართვაში გერმანიის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციაზეც ისაუბრა და ასევე შეეხო გერმანიაში დაგეგმილ რიგგარეშე არჩევნებს.
„არსებობს დიდი უკმაყოფილება პოლიტიკით, ბიზნესით, ბიუროკრატიით, უსამართლობით“, – განაცხადა შტაინმაიერმა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ყოველდღიური დისკუსიების ტონი გახდა უფრო უხეში, რიგ შემთხვევაში, მტრულიც.
„ჩვენ წინაშე არის ბევრი გამოწვევა. ჩვენ ღიად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაც არასწორია, რა არ მუშაობს სწორად ჩვენს ქვეყანაში, როგორ შეიძლება ყოფილიყო და როგორ უნდა ყოფილიყო. და რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს სასწრაფოდ“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.
ამასთან, შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ გერმანიის სამთავრობო კოალიციის დაშლა არ არის „სამყაროს აღსასრული“.