ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი – ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ პარტნიორობას, ნდობას, ჩვენ ვერ შევცვლით ამას, უნდა მივიღოთ და გავუმკლავდეთ

18:38, 14.02.2025

უსაფრთხოების ხარჯები უნდა გაიზარდოს და ბუნდესვერის ძალები გაძლიერდეს არა ომის საწარმოებლად, არამედ ომის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, გერმანიაში ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საჭირო დაფინანსება.

„საფრთხეების ზრდასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს ჩვენი უნარი, დავიცვათ თავი ამ საფრთხეებისგან. თავდაცვის ხარჯების მშპ-ის 2%-მდე მიღწევის მიზანი, რომელიც 2014 წელს დავისახეთ, სხვა ეპოქას ეკუთვნის, სადაც საფრთხეები განსხვავებული იყო. ათწლეულის შემდეგ ჩვენ თავდაცვაზე უნდა დავხარჯოთ მეტი, ვიდრე მაშინ იყო შეთანხმებული. გერმანიაში ნებისმიერმა მომავალმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საჭირო დაფინანსება. ჩემი ქვეყანა ნატო-ს წევრია 70 წლის განმავლობაში. მჯერა, რომ ჩვენ, გერმანელებმა არ უნდა ვუყუროთ წარსულს ნოსტალგიით, 70-წლიანი უსაფრთხოებისთვის მადლიერებით, არამედ, სანაცვლოდ, საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ნატო-სთვის დღეს, რათა მომავალი 70 წლის განმავლობაში კვლავ შეძლოს თავისუფლებისა და უსაფრთხოების დაცვა. დიახ, ჩვენ მივიღეთ გზავნილი, ჩვენ გვჭირდება ტვირთის დაბალანსება ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ნატო უნდა დაეყრდნოს თანაბრად ძლიერ საყრდენებს, რათა დარჩეს ღირებული ორივე მხარისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩემი ქვეყანა შეასრულებს თავის წილს. ეს დისკუსია არ ეხება მხოლოდ ევროპელი სამხედროების რაოდენობის ზრდას, არამედ ევროპაში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას. ამის შესახებ დღეს ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ვესაუბრე. ვუთხარი, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გქონდეთ, განიხილეთ ის ჩვენთან, ჩვენ ვიზიარებთ ამ მიზანს. ნებისმიერ შემთხვევაში, არცერთი ჩვენგანის ინტერესი არ არის ნატო-ს შესაძლებლობების შესუსტება მოკლევადიან პერიოდში ან ალიანსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება გრძელვადიან პერიოდში. მე-20 საუკუნეში დემოკრატიების სიძლიერით დაბადებული მსგავსი ალიანსი, შეუძლებელია, კვლავ ვინმემ დააფუძნოს 21-ე საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც კი. მტკიცედ მჯერა, რომ უძლიერეს ქვეყნებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დასჭირდებათ მოკავშირეები ამ საუკუნეში“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციას განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვს.

„რაც ცხადია, არის ის, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას აქვს ჩვენგან განსხვავებული მსოფლმხედველობა, რომელიც არ ითვალისწინებს ჩამოყალიბებულ წესებს, ჩამოყალიბებულ პარტნიორობასა და ნდობას. ჩვენ ვერ შევცვლით ამას. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს და გავუმკლავდეთ ამას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებში არ არის, რომ ეს მსოფლმხედველობა ერთადერთ დომინანტურ პარადიგმად იქცეს. წესების არარსებობა არ უნდა გახდეს მსოფლიოს რეორგანიზების მოდელი“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

გერმანიის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი და განაცხადა, რომ მიუნხენის კონფერენციაზე, ასევე მის კულუარებში დისკუსიების ცენტრში იქნება ომის დასრულების შესაძლო გზების ძიება.

„ომის დასრულებას, რომლის იმედიც ჩვენ, ყველას გვაქვს და იმას, თუ როგორ დასრულდება ეს ომი, გრძელვადიანი გავლენა ექნება ჩვენი უსაფრთხოების წესრიგზე, ასევე მსოფლიოში აშშ-ისა და ევროპის გავლენაზე. მჯერა, რომ უბრალოდ გარიგების მიღწევა და მიტოვება ყველას დაგვასუსტებს – როგორც ევროპას და უკრაინას, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებს. ყველა სცენარი, იქნება ის ბრძოლის დასრულებამდე თუ ამის შემდეგ, საჭიროებს ჩვენს ერთობლივ ძალას და შეკავებას. სწორედ ამიტომ, ყველა სცენარში უნდა გაგრძელდეს უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა, კერძოდ, ევროპისა და აშშ-ის მხრიდან“, – განაცხადა შტაინმაიერმა.

შტაინმაიერმა ასევე აღნიშნა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია იმართება გადამწყვეტ მომენტში გერმანიისთვის, სადაც მომავალი კვირის ბოლოს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.

„ევროპა გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენს პოლიტიკაში და ასე გაგრძელდება. რა შემადგენლობისაც არ უნდა იყოს, მომავალმა ფედერალურმა მთავრობამ უნდა გააგრძელოს თავისი მუშაობა ევროპის ერთიანობის პატივისცემითა და მხარდაჭერით“, – განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ წევრია, რომელსაც, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩეველთა 15%-იანი მხარდაჭერა აქვს და მესამე ადგილს იკავებს „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“, „ქრისტიან-სოციალური კავშირის“ ალიანსისა და ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შემდეგ.

მსგავსი