ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია
ფრანგული მედიის ცნობით, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს თბილისში მყოფი სამი ოფიცრის გაწვევა მოუწია

საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი ქართული დაზვერვის მიერ გამოვლენილი გახმაურებული ჯაშუშობის საქმის ცენტრშია, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა „ინთელიჯენს ონლაინი“.

გამოცემის თანახმად, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს ამ თვეში მოუწია თბილისში მყოფი სამი ოფიცრის უკან გაწვევა.

ფრანგული გამოცემის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა საფრანგეთის საგარეო უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის მიერ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული მნიშვნელოვანი პირის გადაბირება.

გამოცემის თანახმად, აღნიშნულმა შემთხვევამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა გამოიწვია.

გამოცემის წყაროების ცნობით, „საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ დაარწმუნა გიორგი უძილაური, „ქართუ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია და, რომელმაც დააარსა მმართველი პრორუსული პარტია „ქართული ოცნება“, მის სასარგებლოდ ჯაშუშობაზე“. გამოცემის თანახმად, უძილაური, რომელიც ფასეული კადრია, ადრე ხელმძღვანელობდა დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

გამოცემა წერს, რომ ოპერაცია, რომელიც თავდაპირველად წარმატებული აღმოჩნდა, საბოლოოდ გამოაშკარავდა საქართველოს კონტრდაზვერვის სააგენტოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 5 მაისს საჯაროდ გამოაცხადა, რომ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კონტრდაზვერვითი ოპერაციების შემდეგ დააკავა ივანიშვილის ყოფილი თანამოაზრე.

„საფრანგეთს საგარეო დაზვერვის ჯაშუშს, რომელსაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ბრალად ედება ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის საიდუმლო მასალების, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების, ადგილობრივი სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების შესახებ განახლებული ინფორმაციის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ დეტალების გადაცემა. ეს ხდებოდა პირისპირ შეხვედრების გზით, მკაცრი უსაფრთხოების პროტოკოლებისა და დაშიფრული საკომუნიკაციო არხების დაცვით“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ თბილისს შეეძლო ოპერაციის წამოწყებისთვის საფრანგეთს დაზვერვის და საფრანგეთის დადანაშაულება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს მხოლოდ ევროპულ სახელმწიფოს მიაწერა, თუმცა, 9 მაისს, უძილაურის დაპატიმრების შესახებ განცხადებიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, მთავრობამ მოულოდნელად დასავლეთის ქვეყნებს უბრძანა ქვეყანაში მოქმედი ჯაშუშების გაყვანა და უარის შემთხვევაში მათი ოფიცრების ვინაობის გამხელით დაემუქრა.

„საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ ეს ბრძანება შეასრულა და გადაწყვიტა, პარიზში გაეწვია თავისი აგენტები, რომლებიც თბილისში, საფრანგეთის საელჩოში იყვნენ განთავსებული.

საფრანგეთის საგარეო დაზვერვამ გამოცემა „ინთელიჯენს ონლაინს“ განუცხადა, რომ მათ ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ სურდათ, თუმცა განაცხადეს, რომ თბილისმა ოფიციალურად არცერთი თანამშრომელი არ გამოაცხადა პერსონა ნონ გრატად.

გამოცემის თანახმად, ცნობილია, რომ ამ მოვლენებმა სწრაფად გამოიწვია უფრო მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საფრანგეთის საგარეო დაზვერვას და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  შორის. გამოცემის თანახმად, საფრანგეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა, ნიკოლას ლერნერმა გამოთქვა სურვილი, რომ საჭირო განმარტებები იქნას მოწოდებული, რათა ორმხრივი მოლაპარაკებები, რომლებიც მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განახლდეს სამსახურებს შორის ურთიერთშეთანხმებული საერთო საფუძვლის მიხედვით.

„არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სხვა ქვეყნებმა ოფიცრები გაიწვიეს და ოფიციალურად, საქართველოს მთავრობას დასავლური სახელმწიფოს მონაწილეობით სხვა არცერთი საქმე არ გამოუვლენია. ბოლო დროს მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ორ ცალკეულ შემთხვევაში გამოვლინდა. პირველი აპრილის ბოლოს, როდესაც ხელისუფლებამ გამოაცხადა ჯაშუშობისთვის საქართველოს მოქალაქის, თამაზ გოლოევის დაპატიმრების შესახებ, რომლის შესახებაც პროსამთავრობო არხმა „რუსთავი 2“-მა გამოავლინა, რომ ის რუსეთის სახელით მოქმედებდა. შემდეგ, 30 მაისს, მსგავსი ბედი ეწიათ ჟურნალისტ ირაკლი ჩიხლაძეს და პრორუსულ აქტივისტს გულბაათ რცხილაძეს. კითხვები კვლავ რჩება იმის შესახებ, მუშაობდნენ თუ არა ისინი მოსკოვისთვის თუ რომელიმე ევროპული ქვეყნისთვის. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, პირველი ეჭვმიტანილია უცხოური სააგენტოს სახელით ქსელის ზედამხედველობაში, ხოლო მეორე, სავარაუდოდ, თანამშრომლობდა ორი განსხვავებული ქვეყნისთვის მომუშავე ჯაშუშებთან“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, თბილისის მიერ ზეწოლის ეს კამპანია ადგილობრივი უსაფრთხოების აპარატის მასშტაბური რესტრუქტურიზაციის ფონზე ხორციელდება, როდესაც 21 აპრილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად დაადასტურა კონტრდაზვერვის უფროსის, მამუკა მდინარაძის, დანიშვნა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში ახლადშექმნილ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე, რომელიც ასევე დაინიშნა ვიცე-პრემიერად, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი დაწინაურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად.

სტატიის თანახმად, საქართველოს მხრიდან უძილაურის გადაბირებისთვის საფრანგეთის დაზვერვისკენ საჯაროდ არ მიეთითებინა და ამ პროცესში საფრანგეთი არ დაედანაშაულებინა, ხაზს უსვამს პარიზის მცდელობებს, თბილისთან კავშირები ღია შეინარჩუნოს, მიუხედავად 2024 წლის ბოლოს ქვეყნის საკანონმდებლო არჩევნებში „ქართული ოცნების“ სადავო გამარჯვებისა.

გამოცემა წერს, რომ ახალმა პრო-მოსკოვურმა მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობები 2028 წლამდე შეაჩერა და ბრიუსელსა და ვაშინგტონს კვლავ ადანაშაულებს რუსეთისა და უკრაინის ომში საქართველოს  ჩათრევის მცდელობაში.

„ამ სიგნალების მიუხედავად, ფრანგული დიპლომატია ცდილობს, თავისი როლი ითამაშოს და მუშაობს იმისთვის, რომ თბილისის შეუქცევადად მოსკოვის მხარეს გადანაცვლება თავიდან აიცილოს. თუმცა, ასეთი მცდელობები შეიძლება, სურვილად იქცეს, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ძლიერია კავშირები „ქართულ ოცნებასა“ და რუსეთს შორის. ამ კავშირებს უნდა გამოეწვია საფრანგეთის ევროპული საქმეთა მინისტრის, ბენჯამინ ჰადადის ვიზიტი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აპრილის შუა რიცხვებში სომხეთში მოგზაურობიდან დაბრუნებისას თბილისში გაჩერება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ვიზიტი ორგანიზაციული მიზეზების გამო გაუქმდა. ნოემბერში, ევროპელი პარტნიორებისგან განსხვავებით, საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ ასევე გაგზავნა სამხედრო-სამრეწველო დელეგაცია საქართველოში იარაღის პოტენციური გაყიდვების შესასწავლად“, – აღნიშნულია სტატიაში.

გამოცემის თანახმად, ეს ბოლოდროინდელი მოვლენები დიდი დარტყმაა საფრანგეთის დაზვერვისთვის, რადგან ის ცდილობს, გააძლიეროს თავისი ყოფნა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. სტატიის თანახმად, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელთანაც საქართველოს საერთო საზღვარი აქვს, საფრანგეთის დაზვერვის ხელმძღვანელებმა თბილისი რუსული საფრთხის უკეთ გასაგებად მთავარ ფორპოსტად დაასახელეს.

სტატიის თანახმად, 1990-იანი წლების ბოლოს დახურული საფრანგეთის საგარეო დაზვერვის პოსტი საქართველოს დედაქალაქში 2003 წელს ხელახლა გაიხსნა და 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისი მნიშვნელობა გაიზარდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, „საქართველო საფრანგეთის დაზვერვის სამსახურისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რის სიმბოლოსაც წარმოადგენს ის, რომ პარიზში გახმობილი აგენტებიდან ერთ-ერთი ადრე საფრანგეთის დაზვერვის რუსეთის მისიის ცენტრის უფროსის მოადგილე იყო. რაც შეეხება საქართველოში საფრანგეთის ელჩს, ოლივიე კურტოს, რომელმაც თანამდებობა 2025 წელს დაიკავა, იგი საფრანგეთის დაზვერვის კონტრტერორიზმის განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელია“.

გამოცემა წერს, რომ თბილისზე გამავალი მდინარე მტკვრის ნაპირებზე განვითარებული ჯაშუშური დრამა სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯია პარიზისთვის, რადგან ის უფრო თამამ პოზიციას იკავებს როგორც საქართველოსთან, ასევე მოსკოვის მიმართ.

„დრო ასევე გვიჩვენებს, თუ რა შედეგებს მოახდენს ეს საქმე საფრანგეთის საგარეო დაზვერვაზე, რომლის ოპერატიული უსაფრთხოების წესების გამკაცრების ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მცდელობებმა ხელი ვერ შეუშალა მისი საქმიანობის გამოაშკარავებას“, – აღნიშნულია სტატიაში.