ფრანგული მედია – მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, სებასტიან ლეკორნუს პოპულარობაც იკლებს

19:08, 13.09.2026

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ არაპოპულარობის რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.

ფრანგული მედიის თანახმად, ემანუელ მაკრონის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე, 16 პროცენტამდე დაეცა, მაშინ როდესაც 2026 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 21 პროცენტს შეადგენდა. ამჟამად ფრანგების 81 პროცენტი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

ცენტრისტული ძალების (Renaissance, Modem და Horizons) მხარდამჭერებში დადებითი შეფასება ოდნავ აღემატება უმრავლესობას: პრეზიდენტის მიმართ დადებითად განწყობილია 53 პროცენტი.

მედიის ცნობით, სებასტიან ლეკორნუს პოპულარობაც იკლებს. ფრანგების 20 პროცენტს დადებითი აზრი აქვს მის საქმიანობაზე, მაშინ როდესაც 2026 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 27 პროცენტი იყო.

საფრანგეთის იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანინი კვლავ ყველაზე პოპულარულ მინისტრად რჩება (38 პროცენტი); მას მოსდევენ შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი (25 პროცენტი, მაჩვენებელი უცვლელია) და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო (12 პროცენტი, მაჩვენებელი უცვლელია).

მსგავსი