ფრანგული ენერგეტიკული კომპანია Total-ი ირანში მსხვილი პროექტიდან გადის
ფრანგული ენერგეტიკული კომპანია Total-ი ირანში მსხვილი პროექტიდან გადის

საფრანგეთის უმსხვილესი ენერგეტიკული კომპანია Total-ი ირანში გაზის საბადოს დამუშავების პროექტიდან გადის. კომპანიამ 4,1 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტს ზედმეტად საშიში უწოდა, რადგან  აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების საფრთხე არსებობს.  ამის შესახებ ირანის ნავთობის მინისტრმა ბიჟან ნამდარ ზანგანემ განაცხადა.

თეირანში აცხადებენ, რომ ქვეყანა Total-ის ალტერნატივის ძებნას იწყებს.

ფრანგული კომპანია ერთ-ერთი იყო სამ მსხვილ ენერგეტიკულ კამპანიებს შორის, რომელსაც მსოფლიოში ბუნებრივი აირის უმსხვილესი საბადოს – სამხრეთ ფარსის ათვისებაში მონაწილეობა უნდა მიეღო. Total-ი პროექტში ჩინეთის ნაციონალურ ნავთობკორპორაციასთან და ირანულ Petropars-თან მონაწილეობდა და მას ერთი მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაედო.

ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ ამერიკული სანქციების მიმართ უკიდურესად მოწყვლადია. კომპანიას დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი ამერიკულ აქტივებში აქვს, მისი ფინანსური ოპერაციების 90 პროცენტი ამერიკული ბანკებიდან ხორციელდება.

აშშ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გაზაფხულზე გავიდა. ნოემბერში აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გეგმავს, რომელთა სამიზნე ქვეყნის სანავთობო სექტორი იქნება.