ფრანგმა ფერმერებმა პარიზში დემონსტრაცია გამართეს და ვერსალის სასახლესთან ტრაქტორები მიიყვანეს, ისინი „მერკოსურის“ ქვეყნებთან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებასა და აშშ-ის ტარიფებს აპროტესტებენ
ფრანგმა ფერმერებმა პარიზში დემონსტრაცია გამართეს და ვერსალის სასახლესთან ტრაქტორები მიიყვანეს. დემონსტრაციაში 100-მდე ფერმერი მონაწილეობდა. ისინი ევროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, ასევე აშშ-ის ტარიფებს აპროტესტებენ.
პროტესტს შეუერთდნენ საფრანგეთის ფერმერთა პროფკავშირები.
ფერმერთა დემონსტრაციები იმართება საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ტულუზასა და გრენობლში. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სფეროში რეგულაციები მათ შემოსავალს ამცირებს. გაერთიანება „ახალგაზრდა ფერმერების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფრანგ ფერმერებს შეუძლიათ სურსათის წარმოების სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, თუმცა არა იმ პირობებში, როდესაც მათ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან კონკურენცია უწევთ.
ფრანგი ფერმერები შიშობენ, რომ მერკოსურის ამოქმედებით ქვეყანაში მეტი საქონლის და ფრინველის ხორცი, შაქარი და სიმინდი შევა ბრაზილიიდან, ასევე არგენტინიდან, სადაც, მათი თქმით, ისეთ პესტიციდებს და ანტიბიოტიკებს იყენებენ, რომლებიც ევროპაში აკრძალულია.