ფრანგი ყასბები ხელისუფლებას აგრესიული ვეგეტარიანელებისგან დაცვას თხოვენ
ფრანგი ყასბები ხელისუფლებას აგრესიული ვეგეტარიანელებისგან დაცვას თხოვენ

ფრანგი ყასბები ხელისუფლებას ვეგეტარიანელებისგან დაცვას სთხოვენ. შესაბამისი ღია წერილი ფრანგ ყასაბთა ასოციაციის ხელმძღვანელმა საფრანგეთის ხელისუფლებას გადაუგზავნა. წერილში ყასბები მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვან მათი დახლები აგრესიული ვეგეტარიანელების თავდასხმებისგან.

გზავნილის ავტორები ამტკიცებენ, რომ ხორცპროდუქტების მოხმარება ფრანგული კულტურის სეგმენტია და ვეგეტარიანელების ქმედებები მას ზიანს აყენებს.

ჟან-ფრანსუა გიარის წერილში ნათქვამია, რომ ვეგეტარიანელები თავს ესხმიან ხორცის მაღაზიებს, ქვებს ესვრიან დახლებს, ვიტრინებზე გრაფიტის ხატავენ და ვანდალიზმის სხვა ფორმებს მიმართავენ.

მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტივისტებმა 15 დახლს ხელოვნური სისხლი გადაასხეს.

„ეს ადამიანები ტერორს თესავენ და მათი მიზანია ფრანგული კულტურის მთელი სეგმენტი გააქრონ“ – ნათქვამია ღია წერილში. ყასაბთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ვეგეტარიანელები ცდილობენ საკუთარი ცხოვრების წესი სხვა ადამიანებს მოახვიონ თავზე.

ვეგეტარიანელები საფრანგეთის მოსახლეობის მცირე ნაწილს წარმოადგენენ. 2016 წლის კვლევის მიხედვით, ხორცს ფრანგების მხოლოდ 3% არ ჭამს.