ფრანგები „მსოფლიო რაგბის“ წინააღმდეგ იურიდიულ წარმოებას იწყებენ
ფრანგები „მსოფლიო რაგბის“ წინააღმდეგ იურიდიულ წარმოებას იწყებენ

„საფრანგეთის ეროვნული ლიგა“ (The Ligue Nationale de Rugby (LNR)) ადგილობრივი პროფესიონალური ტურნირების „ტოპ 14“-ის (Top 14) და „პროდ2“-ის (ProD2) მმართველი ორგანოა და აპირებს, რომ „მსოფლიო რაგბის“ წინააღმდეგ იურიდიული წარმოება დაიწყოს. აღნიშნულ ინფორმაციას „ტაიმს სპორტ“-ის (Times Sport) ჟურნალისტი ოუენ სლოტი ავრცელებს.

ორგანიზაციებს შორის უთანხმოების მიზეზი შვიდ კვირიანი სატესტო ფანჯარაა, რომელიც ოქტომბერში აიღებს სტარტს. როგორც წესი, საერთაშორისო სანაკრებო მატჩებისთვის კლუბები მორაგბეებს მხოლოდ სამი კვირით ათავისუფლებდნენ.

„მსოფლიო რაგბიმ“ გუშინ დაადასტურა, რომ საბჭომ მეცხრე რეგულაციაში დროებითი ცვლილება შეიტანა, რათა კლუბებს მოთამაშეთა სანაკრებო მატჩებისთვის განთავისუფლების ვალდებულება ჰქონდეთ.

სამართლებრივი წარმოების საფუძველი კლუბების ინტერესებია და მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანომ „საფრანგეთის ეროვნული ლიგისგან“ წერილი უკვე მიიღო. ფრანგული კლუბების მოთხოვნა მოთამაშეების სანაკრებო მატჩებზე გაშვებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაა.

„მსოფლიო რაგბის“ ახალ ინიციატივას ფრანგების გარდა ინგლისური „პრემიერშიფიც“ ეწინააღმდეგება, თუმცა ბრიტანელები სამართლებრივ დავაში ჯერჯერობით არ ჩართულან.