საერთაშორისო რაგბი ოქტომბერში დაბრუნდება - „მსოფლიო რაგბის“ საბჭომ დროებითი კალენდარი დაადასტურა
საერთაშორისო რაგბი ოქტომბერში დაბრუნდება - „მსოფლიო რაგბის“ საბჭომ დროებითი კალენდარი დაადასტურა

რაგბის საერთაშორისო ტესტ მატჩები ოქტომბერში, „მსოფლიო რაგბის“ მიერ დამტკიცებული დროებითი კალენდარის მიხედვით განახლდება.

რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ დროებითი ცვლილება შეიტანა მეცხრე რეგულაციაში და კლუბებს მოთამაშეთა სანაკრებო პაუზებისას განთავისუფლების ახალი ვადები დაუწესა. კერძოდ – დროებითი ტესტ ფანჯარა 24 ოქტომბერს დაიწყება და დეკემბრის პირველი უქმეების ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო „რაგბი ჩემფიონშიფის“ დროებითი ფანჯარა კი შვიდ ნოემბერს გაიხსნება და დეკემბრის მეორე უქმეებზე დასრულდება.


რეგულაციის დროებითი ცვლილების მიზანი რაგბის განვითარებაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური შედეგების შემსუბუქება და მოთამაშეების, გუნდების, გულშემატკივრებისა და კომერციული პარტნიორების ინტერესების დაცვაა.

დროებითი სანაკრებო ფანჯრისას დასრულდება „ექვსი ერის“ გათამაშება (24 და 31 ოქტომბერი). შემდეგ ერთკვირიანი შესვენება იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვიდ ნოემბერს, ანუ მაშინ, როდესაც „ბორჯღალოსნებს“ საფრანგეთის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, საერთაშორისო მატჩები არ გაიმართება. პაუზის დასრულებისთანავე, ზედიზედ ოთხი კვირის მანძილზე მაყურებელი იხილავს ახალ „რვა ერის“ ტურნირს, სადაც „ექვსი ერის“ გუნდებთან ერთად ფიჯი და იაპონია იასპარეზებენ.

რაც შეეხება „რაგბი ჩემფიონშიფს“ – ტურნირი, სავარაუდოდ, ახალ ზელანდიაში გაიმართება, მაგრამ მონაწილე მხარეებს მოუწევთ ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის, მათ შორის ორ კვირიანი იძულებითი კარანტინის დაცვა.

დატოვე კომენტარი