ფოთში ოთხი ტურისტი თვითიზოლაციას პოლიციის მეთვალყურეობით საკუთარ სამგზავრო მანქანებში გადის
ფოთში ოთხი ტურისტი თვითიზოლაციას პოლიციის მეთვალყურეობით საკუთარ სამგზავრო მანქანებში გადის

ფოთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რიცხვი რვით გაიზარდა. აქედან ოთხი პირი საფრანგეთის მოქალაქეა. ისინი პირადი მანქანებით ფოთის პოლიციის ეზოში, საპარკინგე ზონაში იმყოფებიან და როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, თვითიზოლაციის პროცესს ადგილზე გადიან. მერიის ინფორმაციით, ფრანგი ტურისტების კვებას მერია ყველა წესის დაცვით უზრუნველყოფს.

„დღეს დაემატა რვა შემთხვევა, აქედან ოთხი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლებიც ტურისტულად, თურქეთიდან შემოვიდნენ და არიან თვითიზოლაციაში. მათ ჰყავთ თავიანთი ორი მანქანა, რომელშიც არის საძინებელი, აქვთ საკვებიც. დანარჩენი ოთხიდან, ორი გერმანიიდან, ორი კი თურქეთიდან ჩამოვიდა, მათ შორისაა სამი ქალი. ისინი არიან 30 დან 56 წლამდე პირები.

საერთო ჯამში, ფოთში სულ 57 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში, კარანტინში კი შვიდი პირია. არც ერთს არა აქვს არანაირი კლინიკური გამოვლინება“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ფრანგი ტურისტები თვითიზოლაციას ასეთი ფორმით მათთან შეთანხმებით და წესების ზედმიწევნით დაცვით გადიან, ორ დღეში კი თვითიზოლაციის ვადა გასდით.