ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზების შესასწავლად საწარმოო პროცესს შეამოწმებენ
ფოთში თევზის სუნთან დაკავშირებული პრობლემის მიზეზების შესასწავლად საწარმოო პროცესს შეამოწმებენ

ფოთში, ქაფშიის სუნთან დაკავშირებით შექმნილმა საინიციატივო ჯგუფმა მერიაში შეხვედრა გამართა. იგი ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ფოთში გაგზავნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან და საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმუშავებს, რათა მოხდეს აღნიშნული პრობლემის გადაჭრა.

წინასწარი ინფორმაციით, ჩატარდება საწარმოო ექსპერიმენტი, რომელსაც დააკვირდება ყველა მხარე. აღინიშნა, რომ  ქარხანა, რომელშიც სანიტარული ნორმები არ იქნება მოწესრიგებული, გაჩერდება. ასევე გაჩერდება იმ ქარხნის სამუშაო პროცესი, რომლის მიზეზითაც ქალაქში თევზის უსიამოვნო სუნი კვლავ გავრცელდება.

,,მოსახლეობის მოთხოვნა არის სამართლიანი და პრობლემის მოგვარების მიზნით, პროცესი დაწყებულია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. ფოთში ჩამოსულია, სურსათის ეროვნული საააგენტოს 14-კაციანი ჯგუფი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ჩატარება საწარმოო ექსპერიმენტის, რომელსაც დააკვირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს 14-ვე თანამშრომელი, საინიციატივო ჯგუფთან, მუნიციპალიტეტთან და ჩვენთან ერთად. ეს იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის ძირფესვიანად შესწავლა და ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ამ ქალაქში ამდენი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოუგვარებელი, სად გვაქვს ჩვენ ყველაზე უფრო სუსტი წერტილი. ამდენად, ოთხივე საწარმოში მოხდება დაკვირვება საწარმოო პროცესის. ჩვენი სურვილია, სუნი არ იდგეს ქალაქში, მაგრამ ამავე დროს არავინ უნდა დაზარალდეს. ჩვენ გვჭირდება კვლიფიციური პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის. ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს ხვალიდან, თუმცა დამოკიდებული ვართ ამინდზე, პირველ რიგში უნდა მოხდეს თევზჭერა. ჩვენ სხვაგანაც გვაქვს პრობლემები და იმ პრობლემებსაც ჟურნალისტებთან ერთად საჯაროდ გავივლით“,-  განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ალექსანდრე მოწერელიამ.

ნავმისადგომთან საინიციატივო ჯგუფი მორიგეობას კვლავაც აგრძელებს, რათა არ მოხდეს აღნიშნული ტერიტორიიდან ქაფშიით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების გასვლა.