ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა
ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა

ფოთში სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისი გაიხსნა. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ახალი ოფისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უვნებლობის სტანდარტების დანერგვა, სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქალაქში, ძალიან მნიშვნელოვანია.

„სამეგრელოში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უკვე მეოთხე ოფისს ვხსნით. ჩემი თხოვნა იყო, რომ დაზიანებული შენობა ოპერატიულად აგვეშენებინა და ახალი ინფრასტრუქტურა გვქონოდა ქალაქ ფოთში იმიტომ, რომ ფოთი მნიშვნელოვანი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქალაქია. აქ ყოველდღიურად ტვირთბრუნვა იზრდება, მათ შორის სურსათის პროდუქტები და სურსათის ადეკვატური კონტროლი, უვნებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მყისიერად განაახლა ინფრასტრუქტურა. ვფიქრობ, ერთ-ერთი ლამაზი შენობა შეემატა ქალაქ ფოთს და ვფიქრობ, რომ ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით და საკვებ ობიექტებში ჰიგიენის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ასევე, რა თქმა უნდა, გამოწვევები ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კუთხით, რომელიც ზოგადად არა მარტო ქალაქს, არამედ ქალაქთან მიმდებარე სოფლებს და რეგიონებს ეხება. სურსათის ეროვნული სააგენტო ამ მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს“, – განაცხადა გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის უვნებლობას, ცხოველთა ჯანმრთელობასა და მცენარეთა დაცვას უზრუნველყოფს.