ფოთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 33 საცხოვრებელი კორპუსი და 121 სახლი, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა
ფოთში სტიქიის შედეგად დაზიანებულია 33 საცხოვრებელი კორპუსი და 121 სახლი, მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

ფოთში კვლავ ძლიერი ქარია. შედეგად, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია. მერიის სამსახურები და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. მათი ინფორმაციით, აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ.

სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მას სპეციალური კომისია დაადგენს.

როგორც ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია 33 კორპუსი, 121 სახლი, ოთხი სკოლა და სამი საბავშვო ბაღი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად დაზიანდა სკვერები, მინიმოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები, მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.

,,მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბანში მიმდინარეობდა გზების გაწმენდითი სამუშაოები. ასევე გატარებულია უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა ზომა. ამ დროისთვის ქალაქში სრულად აღდგენილია ბუნებრივი აირის მიწოდება. ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება ქალაქის გარკვეულ უბნებს. შესაბამისი უწყების ჯგუფები უწყვეტად აგრძელებენ აღდგენით სამუშაოებს. მერიაში შექმნილი მობილური ჯგუფები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აგრძელებენ მონიტორინგს. ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ, მეტეოროლოგიური პირობების შესაბამისად, ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ფოთის მერიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას,“- აღნიშნა ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ცნობით, გაძლიერებულია აღმოსავლეთის ქარი, სანაპირო ზოლზე საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფოთის მუნიციპალიტეტი, მეოთხე დღეა, სტიქიას ებრძვის.