ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის ექვს მილიონამდე ლარი გამოიყო
ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის ექვს მილიონამდე ლარი გამოიყო

მთავრობის განკარგულებით ფოთში საზღვაო სასწავლებლის მშენებლობისთვის ექვს მილიონამდე ლარი გამოიყო. აღნიშნულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.

სასწავლებელი ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის ყოფილ შენობაში განთავსდება. საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში მოხდება მშენებლობაზე სატენდერო პროცედურების დაწყება.

სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის #2441-ე განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, დაევალა ბათუმის საზღვაო აკადემიის, ფოთის ფილიალის დაფინანსება 5 876 146 ლარით, თანხა მიმართული იქნება შესაბამისი შენობა ნაგებობის რეაბილიტაციის მიზნით.

„უმაღლესი სასწავლებლის კერა ფოთს ახალ დატვირთვას შესძენს და ხელს შეუწყობს ქალაქში ახალგაზრდა თაობის დარჩენას, შემდეგ მათ ადგილზე დასაქმებას. სასწავლებელი თავისი პროფილით სანავსადგურო ქალაქის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ნგრევის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს რეაბილიტაციის და იქ საზღვაო სასწავლებლის განთავსების საკითხებში აქტიურადაა ჩართული სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია“, – ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრომელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა.