ფოთში, საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
ფოთში, საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის განკუთვნილი შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

ფოთში, ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. 2019 წლის მაისში ფოთის მერიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ერთობლივი ინიციატივით ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მეშვეობითაც ფოთში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის დაარსება გადაწყდა. საწყის ეტაპზე, ის მხოლოდ პროფესიულ განათლებაზე იქნება ორიენტირებული.

„ფოთის სასწავლებელი მოემსახურება რეგიონის ლოგისტიკურ ინტერესებს და ასევე, ნაწილობრივ დაფარავს როგორც მეთევზე მეზღვაურთა, ასევე მაღალკვალიფიციური რიგითი და დამხმარე შემადგენლობის წვრთნას, რაც სრულად ახალი კონცეფციაა და ბათუმის სასწავლებლისგან განსხვავდება, რომელიც თავის მხრივ ორიენტირებულია ოფიცერთა შემადგენლობის მომზადებაზე.

ახალი სასწავლებელი გათვლილი იქნება 1 000 სტუდენტზე და დასაქმდება 250-მდე პროფესორ-მასწავლებელი და ადმინისტრაციული პერსონალი.

1938 წელს ამპირის სტილში აგებული, ფოთის ყოფილი ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკუმის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და გასული საუკუნის არქიტექტურულ ნიმუშს წარმოადგენს. აქ ჰიდრო-მელიორაციული ტექნიკური სასწავლებელი, მოგვიანებით კოლეჯი და ფოთის უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის ღირებულება 5 876 164 ლარს შეადგენს. სამუშაოების შესრულების ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან ცხრა თვეს შეადგენს.