ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან
ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. ქალაქი სახელმწიფო დროშებითა და თემატური აპლიკაციებით გაფორმდა. მერის მოადგილის გიორგი ფარეშიშვილის თქმით, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება.

მისივე ინფორმაციით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის რკალზე, წმინდა ნინოს, მერაბ კოსტავას, ჭანტურიასა და ფარნავაზ მეფის ქუჩებზე, ხოლო გვიან ღამით ცენტრალური მოედანი მთლიანად ჩაიკეტება.

იუსტიციის სახლის წინ სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, მოეწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა. გაიმართება საბავშვო გასართობი აქტივობები, ღია კინოთეატრი – ანიმაციური და ქართული მხატვრული ფილმების ჩვენება, გარემოს დაცვის თემატიკით კოსტუმირებული მსვლელობა, ასევე დაცული ტერიტორიების ვირტუალური დათვალიერება.

მსურველებს საშუალება ექნებათ, სპეციალური სათვალეებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებში იმოგზაურონ. კოლხური კულტურის მუზეუმში თემატური, ხოლო ჰიდროგრაფიულ სამსახურში მარინისტებისა და სანავიგაციო რუკების გამოფენა გაიმართება.

„26 მაისი საქართველოს 10 ქალაქში და მათ შორის ფოთში აღინიშნება. ფინანსური სახსრების უმეტეს ნაწილს სწორედ საქართველოს ცენტრალური ხელისუფება გამოყოფს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიზერული თანხა იქნება დახარჯული. საღამოს, 17:10 საათზე, სწორედ იმ დროს, როდესაც პირველად წაიკითხეს საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის აქტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი და ამ ხმას მთელ მსოფლიოს ფოთიდანაც გავაგონებთ“, – აცხადებს მერის მოადგილე, გიორგი ფარეშიშვილი.

ხვალინდელი ღონისძიებები გალა-კონცერტით დასრულდება.