ფოთში საქალაქთაშორისო მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ
ფოთში საქალაქთაშორისო მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

ფოთში საქალაქთაშორისო მარშრუტზე მომუშავე მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, ქალაქის მერია მათ ავტოსადგურის რეაბილიტაციას სთხოვს. მძღოლები განმარტავენ, რომ აღნიშნული ფართი მეპატრონისგან იჯარით აქვთ აღებული, შესაბამისად, სადგურის რეაბილიტაცია მეპატრონემ უნდა განახორციელოს.

„ჩვენთან მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან მოვიდნენ, გვითხრეს, რომ შენობა უნდა გავარემონტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დავჯარიმდებით. გვითხრეს, თუ არ შეასრულებთ მოთხოვნას, ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რომ ბოლოს ქუჩაში დარჩებითო. ეს ტერიტორია ჩვენი არ არის, ერთწლიანი ვადით დავიქირავეთ. თუ ჩვენი ხარჯებით გავარემონტებთ, სად არის გარანტია, რომ აქედან არ გაგვიშვებენ. ამ საკითხზე გვქონდა შეხვედრა ქალაქის მერთან, ის დახმარებას დაგვპირდა. პირველ რიცხვამდე უნდა გადმოეცათ ჩვენთვის ალტერნატიული ფართი, რაც არ მოხდა“, –  განაცხადა ავტოსადგურის დირექტორმა, დათო შონიამ.

ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ მეპატრონესა და მოიჯარეს შორის ხელშეკრულების თანახმად, ავტოსადგურის მოწესრიგება სწორედ დამქირავებელს ეკისრება.

„დამქირავებელს ხელშეკრულებით აქვს ვალდებულება, ავტოსადგურის მოვლა-პატრონობაზე. ობიექტს მოვლა-პატრონობის არაფერი ეტყობა. ჯარიმა გამოიწერა შენობის იერსახის გამოსწორებაზე და ტერიტორიის მოუვლელობაზე. ეს არის მინიმალური ჯარიმა 250 ლარი. სასამართლომ ისინი არ დააჯარიმა, მაგრამ გაფრთხილება მისცა, რომ ეს სიტუაცია უნდა გამოასწორონ“- განაცხადა არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, თენგიზ შონიამ.

სამარშუტო ტაქსების მძღოლები ალტერნატიულ ფართს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პეემანენტული საპროტესტო აქციების მოწყობას გეგმავენ.