ფოთში სანიჩბოსნო ბაზა აშენდება
ფოთში სანიჩბოსნო ბაზა აშენდება

ფოთში, მდინარე კაპარჭაზე ახალი სანიჩბოსნო ბაზა აშენდება. პროექტის ესკიზების განხილვა დღეს ფოთის მერიაში ჩატარდა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერი და მოადგილე დაესწრნენ.

მდინარე კაპარჭას მიმდებარედ, ბესიკის ქუჩაზე არსებული სანიჩბოსნო სკოლის ტერიტორიაზე თანამედროვე ევროპული სტანდარტების სანიჩბოსნო ბაზა აშენდება, საცურაო აუზითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

პარალელურად მდინარე კაპარჭაზე მასშტაბური გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი მდინარის 3 700-მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მდინარე კაპარჭასა და პალიასტომის ტბის გაწმენდითი სამუშაოები საბჭოთა პერიოდის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ბუნებრივმა პროცესებმა მტკნარი წყლების კლება და ტბის ნაწილის დეგრადირება გამოიწვია. მომრავლდა ქვეწარმავლები, კოღოები და სხვა მწერები, რაც ადგილობრივებს პრობლემებს უქმნიდა. არხებისა და მდინარის ძირზე დაწყებულია მკვდარი მცენარეული მასის და პირველ რიგში, ტორფის აჭრილი ფენების წყალში გახრწნა, რამაც მავნე ბიოლოგიური ელემენტების დიდი რაოდენობით წარმოქმნა და იმავე ნივთიერებებით პალიასტომის შენაკადების დაბინძურება გამოიწვია“, – აღნიშნულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციაში.