ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო
ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე მივიდნენ მაისურებით, რომლებზეც დატანილი იყო წარწერა – დეოლიგარქიზაცია და რამაც მმართველი პარტიის გაღიზიანება გამოიწვია. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპონენტებს მათი მმართველობის წლები შეახსენეს და გამოფინეს ფოტოები, სადაც წინა ხელისუფლების დროინდელი ძალადობრივი კადრები იყო გამოსახული.

„პარადოქსული იყო „ნაცმოძრაობის“ მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე მოწოდება და წარწერა მაისურზე, როცა საკუთარი დამფინანსებლები მოქმედი ოლიგარქები არიან და თან აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში“, – განაცხადა ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული იცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ლაბარტყავას განცხადებით კი, ევროკავშირის დასკვნაში წარმოდგენილი 12 რეკომენდაციიდან დეოლიგარქიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანია და ქვეყანას ეს პრობლემა უნდა მოეხსნას.

ოპოზიციამ მოუწოდა მხარდამჭერებს, შეუერთდნენ 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას.

„ქართულმა ოცნებამ“ თავიანთი წარუმატებლობა წარმოგვიჩინეს, როგორც წარმატება. ანუ რასაც ელოდა ქართველი ერი, ის ვერ მივიღეთ. საზოგადოებამ ამას ნათელი პასუხი გასცა, 160 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა და გააპროტესტა ვითარება, რაც სახელმწიფოში ხდება. რატომ ვახსენებთ დეოლიგარქიზაციას და რატომ გვაწერია ეს მაისურზე? – რადგან იმ თორმეტ მოთხოვნაში, ჩვენი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. როცა ქვეყანას მოეხსნება ეს პრობლემა, დანარჩენი  ყველაფერი ავტომატურად გასწორდება. ჩვენს ქვეყანაში დადგა ისეთი ვითარება, რომ ქართველი ერი, მიუხედავად თავისი ხედვის, პოლიტიკური გემოვნებისა, დადგეს ერთად და 3 ივლისს როცა შევიკრიბებით, გამოვიდნენ, გამოხატონ თავიანთი აზრი, რას ფიქრობენ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი ლაბარტყავამ.