ფოთში საკრებულოს სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა [ვიდეო]

ფოთში საკრებულოს სხდომა, სადაც მერი გოჩა კურდღელია მერიის 2018 წლის ბიუჯეტზე ანგარიშს წარადგენდა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიასა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა რამდენჯერმე გახდა სხდომის მიმდინარეობის შეჩერების მიზეზი.

ოპოზიციამ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმსა და გულგრილობაში დაადანაშაულა. მმართველი გუნდი კი, ბრალდებებს უარყოფს და ოპოზიციას ურჩევს, რეალობას თვალი გაუსწოროს.

„ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. არ ვეთანხმები მათ და ვურჩევ, თვალი გაუსწორონ ქალაქში მიმდინარე აღმშენებლობით პროცესებს. ამ ქალაქში ბევრი რამ კეთდება“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.

საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ კომენტარის გარეშე დატოვა.