ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო
ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო

ხმაური იყო ფოთში, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე. ოპოზიციის წევრებმა საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დამატება გააპროტესტეს.

მათი თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება.

„საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას და დანიშვნას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. საკრებულოს დაემატა ერთი შტატი კულტურის დარგში და ეს არის თავმჯდომარის თანაშემწე. ამ პოსტს თავის დროზე მაკა ჩხეტია იკავებდა და ის პოლიტიკური ნიშნით შარშანწინ ირაკლი კაკულიამ დაუსაბუთებლად და უკანონოდ გაათავისუფლა. ჩხეტიას საქმესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, ჰქონდა მას მოხსენება პარლამენტში და ფოთის საკრებულოს მისცა რეკომენდაცია, დაებრუნებინა ეს ადამიანი სამსახურში, რასაც რა თქმა უნდა, არ დაეთანხმა კაკულია და დაავალეს კომპენსაციის გადახდა 2 500 ლარის ოდენობით. ეს არის ორმაგი სტანდარტი, ვისაც უნდა ათავისუფლებენ თანამდებობიდან და ვინც უნდათ იმ ადამიანებს ნიშნავენ. მით უმეტეს, საარჩევნო წელია“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძემ.

საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„მოცემულობა, რომელიც დღეს შეიქმნა, გვაძლევს იმის საშუალებას, ერთი შტატი დავამატოთ. არანაირი პოლიტიკური ნიშნით არ ხდება დანიშვნა ამა თუ იმ პოსტზე და ოპოზიციის განცხადებები უსაფუძვლოა“, – განაცხადა ირაკლი კაკულიამ.