ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება
ფოთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება

ფოთში, ორივე საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავტომანქანების შემოწმება, დეზინფექცია და მგზავრთა თერმოსკრინინგი გრძელდება.

ამასთან, სამართალდამცველები სასაფლაოებთანაც არიან განლაგებულნი.

უწყვეტ რეჟიმში მუშაობს ყველა სტრატეგიული ობიექტი, ასევე აგრარული ბაზარი.

ფოთის მერი გოჩა კურდღელია ქალაქში ხალხის სიმრავლეს მსუბუქი ავტომანქანებითა და ტაქსებით გადაადგილების განახლებას უკავშირებს.

ის მოსახლეობას მოუწოდებს, აუცილებლობის გარდა, ქუჩებში მოძრაობისაგან თავი შეიკავონ.

„ტვირთების გადაზიდვის ოპერაციები რეგულარულად სრულდება. თვითიზოლაციაში მყოფი მძღოლების რაოდენობა სტანდარტულია და ზრდის დინამიკა არ შეინიშნება. „ცხელების კლინიკაში“ ხდება პაციენტების მიღება და გაწერა. საბედნიეროდ, არ გვყავს ინფიცირებული პაციენტები. გუშინ მერიის ცხელ ხაზზე შემოვიდა 64 ზარი, უმოკლეს დროში მოვახდინეთ რეაგირება და მოსახლეობის მოთხოვნის დაკმაყოფილება. კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, მაქსიმალურად შეიკავონ თავი გარეთ გასვლისგან და დარჩნენ სახლში. ისარგებლონ იმ მომსახურებით, რასაც ეწევა ადგილობრივი თვითმმართველობა“, – განაცხადა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.