ფოთში პირველად „კეფალის ფესტივალი“ მიმდინარეობს
ფოთში პირველად „კეფალის ფესტივალი“ მიმდინარეობს

ფოთში პირველად „კეფალის ფესტივალი“ მიმდინარეობს. ფესტივალი 11:00 საათზე დაიწყო და სხვადახვა ადგილზე, ცენტრალურ პარკში, ოქროს ტბასა და მალთაყვის სანაპიროზე, მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება.

„კეფალის ფესტივალის“ მთავარი ღონისძიებაა, საქართველოში ერთადერთი საქალაქო მასშტაბის საერთაშორისო თამაში, სახელწოდებით „არგო ქვესტი“. სათავგადაავლო-შემეცნებით აქტივობაში, გუნდებად დაყოფილი მონაწილეები სხვადასხვა დავალებას ასრულებენ და ერთმანეთს ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე დამალული 50 გასაღების აღმოჩენაში ეჯიბრებიან.

პარალელურად, იმართება შეჯიბრი სპორტულ თევზჭერაში, საქართველოს ღია პირველობა წყლის თხილამურებში, ფოტოკონკურსი (ფოთი 11/ 11), ადგილობრივი ოსტატების ხელნაკეთების გამოფენა-გაყიდვა, გასართობი აქტივობები ბავშვებისთვის, ბიზნეს-ღონისძიებები, მუსიკალური პროგრამა, ფლეშმობი, საქართველოს ბაზიერთა კლუბის გამოსვლა და ლაზერული შოუ.

ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის მიზანია, ფოთი გადაიქცეს ახალ მიმართულებად საქართველოს ტურისტულ რუკაზე და ფოთელებს ჩამოსულ სტუმრებთან ერთად, აქტიური დასვენების საშუალება ჰქონდეთ.

„კეფალის ფესტივალი არის იდეა, რომელიც მოიაზრებს თავის თავში სხვადასხვა სახის ჩართულობასა და აქტივობას. თვითონ „არგო ქვესტი“ არის გამორჩეული მოვლენა ფოთის ტურისტულ ისტორიაში და ივენთს სჭირდება ხალხის ჩართულობა და მონდომება, რომ იგი იქცეს ქალაქის ბრენდად. რაც შეეხება ფესტივალის სახელწოდებას, აღმოსავლეთში ფოთი ასოცირდება თევზთან და ყველაზე გემრიელი კეფალი ფოთშია. უცხოელებისთვის კი, ძალიან მიმზიდველია სპორტული თევზაობა და თევზის კერძები“, – აღნიშნა ფესტივალის წამყვანმა ლევან მაშავამ.

ღონისძიება საღამოს იმპროვიზირებული ფლეშმობითა და კონცერტით დასრულდება, სადაც მუსიკალურ ნომრებს, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და მომღერალი ლადო ბურდული შეასრულებენ.