ფოთში ოპოზიცია მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს
ფოთში ოპოზიცია მაისიდან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს

ფოთში ოპოზიცია საპროტესტო აქციებს აანონსებს. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ოთარ ხარჩილავამ განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქში ყველა სფერო ჩამოშლილია და მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს, რომელთა მოგვარებაზე არავინ ზრუნავს.

ხარჩილავას განცხადებით, საინიციატივო ჯგუფის წევრთა ინტენსიური შეხვედრები მიმდინარეობს და მაისიდან ფოთში პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყება.

„ქალაქში ჩამოშლილია ყველა სფერო, შეწუხებულია მოსახლეობა. წარვუძღვები ყველა საპროტესტო აქციას. აქცია არ იქნება ერთჯერადი და მასში მრავალი ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ერთხელ და სამუდამოდ, პასუხი უნდა აგონ იმ ადამიანებმა, რომლებიც  კანონს არღვევენ ამ ქალაქში და ხელს უწყობენ უმოქმედობას“- განაცხადა დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენელმა, საკრებულოს წევრმა, ოთარ ხარჩილავამ.

ხარჩლავას ბრალდებებს მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ყველა აქვს. მისი თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობა პრობლემების აღმოფხვრაზეა ორიენტირებული.

„ჩემთვის უცნობია, თუ რა საპროტესტო აქციებზეა საუბარი. ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება კანონის ჩარჩოებიდან გამომდინარე და ნამდვილად ვერ ჩავერევით მსგავს პროცესებში. ჩვენ მოწოდებული ვართ პრობლემების აღმოფხვრისკენ“, – განაცხადა ფარეშიშვილმა.