ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მინაშენზე ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში აღმოფხვრის
ფოთში ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მინაშენზე ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში აღმოფხვრის

ფოთში ნიკო ნიკოლაძის მემორიალური სახლ-მუზეუმის მინაშენზე გამოვლენილ ხარვეზს სამშენებლო კომპანია უახლოესი დღეების განმავლობაში აღმოფხვრის,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ტაოტბელი“ იმ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების საფუძველზე განახორციელებს, რომელიც მას „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდთან“ აქვს გაფორმებული.

ფოთის მემორიალური კოშკის თანამედროვე დიზაინის მინაშენში ნალექმა ძლიერი წვიმების შედეგად გაჟონა. შენობის პირველადი დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ წყალმა ინტერიერში შემინული ფასადიდან შეაღწია. ბუნებრივ ნალექს ისტორიული არქიტექტურული ნაგებობა არ დაუზიანებია.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყო და ის სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება.