ფოთში მოვაჭრეები დახლებისგან გზის გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ
ფოთში მოვაჭრეები დახლებისგან გზის გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ

ფოთში მოვაჭრეები ბაზართან მდებარე მთავარი გზის დახლებისგან გათავისუფლების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების მოთხოვნას აპროტესტებენ.

მოვაჭრეების თქმით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პერიოდულად ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, რომელთა დაკმაყოფილებაც მათთვის შეუძლებელია.

სარეალიზაციო დახლები ბაზრის ძირითადი შენობის გარეთ, გზის გასწვრივაა განთავსებული. მოვაჭრეთა განცხადებით, ამით ხელი არავის ეშლება.

„დახლები, რომელზეც პროდუქციის რეალიზაციას ვახდენთ, ხელს არავის უშლის. კრედიტები გვაქვს გადასახდელი. როგორ ვიმუშაოთ ამ პირობებში. დათმობას არ ვაპირებთ, გადავკეტავთ გზას და ჩვენს უფლებებს დავიცავთ“, – განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ომარ ზარგინავამ.

მოვაჭრეებმა ბაზრის ტერიტორიიდან ფოთის მერიის შენობასთან გადაინაცვლეს.

ამასთან, როგორც მერიის წარმომადგენლები აცხადებენ, გაზის დახლებისგან გათავისუფლების მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა.