ფოთში მოსახლეობასთან მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი განიხილეს
ფოთში მოსახლეობასთან მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი განიხილეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფოთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს, სადაც მდინარე რიონზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტი განიხილეს და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გეგმის თანახმად, მდინარე რიონზე დაგეგმილი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების სიგრძე ჯამში ორ კილომეტრამდე იქნება. ხიდის სიგრძე კი, 432 მეტრს შეადგენს.

„ამჟამად არსებული გზა გადის ჰიდროკვანძზე, რომლის ტექნიკური პარამეტრები ვერ აკმაყოფილებს ავტოტრანსპორტის შეუფერხებელ და უსაფრთხო გადაადგილებას. ახალი ფოლად-რკინა-ბეტონის რვა მალიანი ხიდის მშენებლობა მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე უსაფრთხო საავტომობილო მგზავრობისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. ფოთის ხიდი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია. E60-E70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალი უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის. მაგისტრალის ფიზიკური მდებარეობა უზრულველყოფს, რომ ის გახდეს ძირითადი სატრანსპორტო რგოლი შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალურ აზიას შორის.

დატოვე კომენტარი