ფოთში მოსახლეობამ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტა
ფოთში მოსახლეობამ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტა

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობამ გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე მისასვლელი საავტომობილო და სარკინიგზო გზა გადაკეტა. ისინი სამ წელზე მეტია, პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავენ. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ღია წესით ხდება ჯანმრთელობისთვის საზიანო ტვირთების დამუშავება, რის გამოც მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

მათივე თქმით, არაერთი კომპეტენტური უწყების დასკვნით, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების მაღალი კონცენტრატები განაპირობებს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებებს. აქციის მონაწილეები ითხოვენ ფულად კომპენსაციებს, რათა საცხოვრებელი თავად შეიცვალონ.

„მეზობელმა ახლახან წაიყვანა ბავშვები და ისევ ცუდი ანალიზი დაუდგინდათ. აქ შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ გავაგონეთ მთავრობას. ვითხოვთ, მიიღონ ზომები, მაგრამ მათ ჩვენი წვალება უნდათ. ორი წელიწადი დასჭირდებათ, რომ აგვიშენონ ახალი ფართი და ამ ორ წელიწადში კიდევ რა მოგვივა, ღმერთმა იცის. რაც უფრო მალე მოხდება ჩვენი გადასახლება, მით უკეთესია, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ნაბიჯი ვერ გადაიდგა. გვქონდა ღარიბაშვილთან შეხვედრა, მან ბრძანა, ეს ხალხი ღირსეულად გაუშვით აქედანო. იყო საუბარი, რომ გამონახულიყო ალტერნატიული ფართი, მაგრამ 8 თვე არავინ გამოჩენილა. გადავწყვიტეთ, თანხა მოვითხოვოთ და ყველამ თავის თავს ვუშველოთ. სხვა გამოსავალი არ ჩანს“, – განაცხადა აქციის მონაწილე რამაზ კუბეციამ.

აღნიშნულ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ამ დროისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.