ფოთში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა
ფოთში 5 სექტემბერს მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ დაადასტურა.
„მამაკაცი გადმოყვანილ იქნა ფოთის კლინიკიდან კატასტროფის სამსახურის მიერ, დიაგნოზით – დაუზუსტებელი ფეთქებადი ნივთიერების მიერ მიყენებული სხეულის მრავლობითი დაზიანებით, ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, თავის ტვინის შეშუპება, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურული სისხლჩაქცევა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი, მარჯვენა წინამრის ფრაგმენტული მოტეხილობა. ავადმყოფს ჩაუტარდა ტრეპანაცია, პლევრის ღრუს დრენირება, წინამხრის ამპუტაცია. იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, თუმცა ტრავმა აღმოჩნდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი და 12:00 საათზე დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, – განაცხადა სულხან ორჟონიამ.
მისივე თქმით, ცხედარი გადასვენებულია ექსპერტიზის ბიუროში.