ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი
ფოთში, მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსი

ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილობრივების ინფორმაცით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლოს მდებარე საცხოვრებელ კორპუსის კედლები დააზიანა. მათივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ხშირად ხდება, რაც ავარიულ კორპუსს დამატებით საფრთხეს უქმნის. ამასთანავე, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ქარხნიდან გავრცელებული გამონაბოლქვი მათ ჯანმრთელობას აზიანებს.

„აფეთქების ხმაზე გარეთ გამოვცვივდით, დიდი შენობაა, ძველი აშენებული და ჩამოიშალა. გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. ქარხნიდან გამონაბოლქვით დაბინძურებული ჰაერი, ხმაური, ხშირი აფეთქებები. აქ 29 პატარა ბავშვი ცხოვრობს და ზოგიერთს ანალიზებში რკინის მაღალი მაჩვენებელი დაუფიქსირდა. 25 წელზე მეტია, ვითხოვთ ყურადღებას. გაგვასახლონ ეტაპობრივად“, – განაცხადა ადგილობრივმა, ზურაბ დორჩოშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად დაცულია.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და პოლიცია.