ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშოები გრძელდება
ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშოები გრძელდება

ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშოები მე-11 დღეა გრძელდება.

მოზარდის ოჯახის წევრებსა და მაშველებს დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სასულიერო პირებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

„მოზარდის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს და დღისით თუ ღამით, ერთი წამითაც არ წყდება. მას შემდეგ კვირაზე მეტი გავიდა. რა თქმა უნდა, დიდი მწუხარებააა, დიდი განსაცდელია არა მარტო ოჯახის, არამედ თითოეული ადამიანისთვის. იმის ნუგეშიღა არსებობს, რომ წყალში ჩავარდნილი ბავშვი იპოვონ, ოჯახმა მისი ნახვა და დატირება შეძლოს. მადლობელი ვარ მაშველების, ყველა ადამიანის, ვინც ნებაყოფლობით მხარში უდგას მათ და ეხმარება. ეს უკვე დიდი ნუგეშია პირველ რიგში ოჯახისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, სულიერად მხარში დავუდგეთ, ვანუგეშოთ, თუმცა რეალობა მძიმეა“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

სასულიერო პირებმა მაშველებს მადლობა გადაუხადეს და საკვები პროდუქტები გადასცეს.

29 იანვარს ფოთში, მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი გადავარდა.