ფოთში მცირე ზომის მწერები მომრავლდნენ
ფოთში მოსახლეობა ჰაერში, მცირე ზომის მწერების მომრავლებას უჩივის.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, მწერების სიმრავლე დღეს, შუა დღიდან შეინიშნება. მოსახლეობა ამბობს, რომ მწერის ნაკბენი ალერგიულ რეაქციებს იწვევს.
მწერების სიმრავლეს ადასტურებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, რამ განაპირობა მათი სიმრავლე. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, მაია მაკალათიას ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხს შესაბამისი სამსახური შეისწავლის და შეწამვლით სამუშაოებსაც განახორციელებს.
„დღის განმავლობაში არაერთი ზარი დაფიქსირდა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოქალაქეები რეკავდნენ, რომ გავრცელებულია რაღაც მწერები და ეს მართლაც დასტურდება. ჩვენ დავუკავშირდით შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ საკითხის მოგვარებაში, რათა პრობლემა დროულად იქნეს ლოკალიზებული. დავუკავშირდით ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს. გამოყოფილია ჯგუფი, რომელიც დღის ბოლომდე ეწვევა ქალაქს. ჩატარდება შეწამვლითი სამუშაოები და დადგინდება, თუ რა სახის მწერია და საიდან გავრცელდა. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია და ვერ გეტყვით, საიდან მომრავლდა. პანიკის საფუძველი ამჯერად არ არსებობს“, – განაცხადა მაია მაკალათიამ.


